ბიძინა ივანიშვილი - სახელმწიფოს არსია, დაიცვას სამშობლო, ჩვენ არავისთვის ვიღვწვით, მით უმეტეს, რუსეთისთვის, ჩვენ ვიღვწვით საქართველოსთვის
ამ ხალხს ვერაფრით გაუთვითცნობიერებია, რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, რომ სახელმწიფოს არსია დაიცვას სამშობლო, იდენტობა და ა.შ. ჩვენ არავისთვის არ ვიღვწვით, ჩვენ ვიღვწვით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის და, მით უმეტეს, არც რუსეთისთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ გააკეთა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საქართველოს აქვს საოცარი მიღწევები ყველა მიმართულებით, რითიც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.
„რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად, აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი რისი კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო? სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის ჰუმანურობაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა – ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით. მე გამოვედი რეიტინგებით, მსოფლიოში ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის, რითიც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს, ევროპა ტერიტორია კი არაა, ევროპული ფასეულობებია, ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ნახეთ ადამიანის ჰუმანურობასა და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათა შორის, გავიხსენებ, ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები. როცა ლგბტ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბევრს არ მოსწონს, ქუჩაში ამას ღაღადებენ, უკაცრავად, იქ დავაბრუნე ნაწილი, ადამიანის უფლებები, მარტო მათ არ აქვთ უფლებები, გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესხმის და არ იბრძვის მის წინააღმდეგ.
ვუბრუნდები ევროკავშირის თემას, ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში, ამათ მიჰყავხართ რუსეთში, სად ჩანს? ყველა ფასეულობა, რაც არის ევროპული, „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობების დაფუძნება და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა და არა მოგონილი. ჩვენ წაგიყვანთო? და რითი წაგიყვანენ? გასაგებია, რომ ხედავენ წინააღმდეგობას, მსგავსი გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატი იქაც ბევრია, მათ კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთში. რას გვსაყვედურობენ ჩვენ ძირითადად, მადლობა ღმერთს, რომ, როგორც იქნა, რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, რაც ჩვენს ეკონომიკას დაანგრევდა. ხაზარაძე გამოდის, რუსეთს სანქციები დავუწესოთო, 1000-ლარიან პენსიას მოგცემთო. 100 ლარს ვერ გადაიხდის, ვინც ეკონომიკა იცის, 100-ლარიან პენსიასაც კი ვერ გადაიხდის, გარწმუნებთ, ეგ სანქციები რომ დავაწესოთ. ასე უსინდისოდ ცრუობს. ევროკავშირში რითი შეჰყავთ მათ და რითი შეგვყავს ჩვენ – ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ, აქ არის წინააღმდეგობა. „გამჭვირვალობის კანონსაც“ დააბრუნებდნენ, ლგბტ-ებსაც დააბრუნებდნენ. ეს არის სხვაობა, აი, ამით ბობოქრობენ. ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან და ამით იქაჩებიან, რომ ჩვენ, აი, ამას ყველაფერს გავუკეთებთ და ჩვენ შეგიყვანთ გრიალით ევროპაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.