ბიძინა ივანიშვილი - საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გუნდს არ დაუშვია ისეთი უხეში შეცდომა, რომლითაც შესაძლოა, განვითარების პროცესი შეეფერხებულიყო.
ივანიშვილის თქმით, ძალიან უყვარს პოლემიკა, თანაგუნდელების აზრის მოსმენა, რამაც უხეშ შეცდომებს აარიდა.
„საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით. სხვათაშორის, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც უხეში შეცდომები იყო. შეიძლება, რაღაც საკადრო შეცდომები გვქონდა პოლიტიკური არჩევის დროს, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი, მაგრამ ამანაც დიდად ვერ დააზარალა და შეაფერხა განვითარების პროცესი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, დიდი იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს.
„მე თვითკრიტიკა ძალიან მიყვარს, წვრილმანებში რომ ჩავიდე, ბევრს დავასახელებ, მაგრამ ზოგადად, ვფიქრობ, რომ სტრატეგია სწორი იყო. საოცრად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, სწორი მიმართულებით წაიყვანს ჩვენს ქვეყანას. ისევ და ისევ ერთს ვურჩევდი, რომ კამათში მოდის ჭეშმარიტება, არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გუნდში მაქსიმალურად უნდა მოხარშონ ყველა პრობლემა, ყველა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია. მაქსიმალურად ყველა აზრი უნდა მოისმინონ შიგნით, აზრის მოსმენის საშუალება უნდა მისცენ. ცოტა ეს გამოცდილება აკლიათ, ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი, პატივისცემა აქვთ. გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, აუცილებლად აქვს გადაცდომები, მთავარია, უხეში, დიდი შეცდომები არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.