ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლო დიქტატურის გარეშე
ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან საქართველო იქ გაფორმებული იყო დემოკრატიის შუქურად, ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის გუნდმა ქვეყნის მართვა ვერ შეძლო დიქტატურის გარეშე.
„დემოკრატიულობაზე და დემოკრატიზაციაზე სააკაშვილის გუნდი ყველაზე მეტს საუბრობდა. სურვილი არ ჰქონდათო, ვერავინ იტყვის, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. უნიათოს რომ ეძახიან „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას, უნიათობა მაშინ იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ მეთოდებით მართვა, თორემ სააკაშვილი გარეთ აფორმებდა ამას. მას სურვილი დიდი ჰქონდა. დემოკრატიულობით ამაყობენ ქვეყნები და ამაყობენ პიროვნებებიც, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროცესში.
ჩვენ ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველ წელს, ძალიან დიდი სიძნელეები გადავიტანეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროპაშიც, რადგან იქ გაფორმებული იყო საქართველო დემოკრატიის შუქურად. ამ დროს სააკაშვილი გამალებულად დიქტატურას აშენებდა. სხვანაირად მართვა მაგ კაცმა და მაგ გუნდმა ვერ შეძლეს, თუმცა სურვილი რომ ჰქონდათ, ეს ჩანს მათივე შეფუთულით, მოტყუებული ინფორმაციით ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ ვერ მოახერხეს და ვერ შეძლეს. ნათლად ჩანდა, რომ გზა მათი იყო დიქტატურისკენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.