ბიძინა ივანიშვილი - რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან
ისინი, ვინც მიგვანიშნებენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, არიან უცოდინარები, უმეცრები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თუ შევხედავთ, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას, ყველაფერი ცხადია.
„რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.