ბიძინა ივანიშვილი - რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში, მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად
ბიძინა ივანიშვილი - რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში, მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად

გუნდმა სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ, თუ გნებავთ 20 ივნისის. ნახეთ, როგორ სუფთად ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 20-21 ივნისის მოვლენებზე და რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

გადატრიალების საფრთხის შესახებ დასმულ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გუნდში 20 ივნისის მოვლენებზე იმსჯელეს. მისივე თქმით, ოპოზიცია რომც შესულიყო პარლამენტში, მათთვისვე დადგებოდა უარესი შედეგი.

„რახან ამ შეკითხვას მისვამთ, ესე იგი, კიდევ არის საზოგადოებაში განცდა. სხვათა შორის, მე გუნდში მქონდა 20 ივნისის მოვლენების გარჩევა. იქ ზოგიერთები გამოთქვამდნენ, რომ შეიძლება, გაერღვიათ პოლიციის კორდონი, შეიძლებოდა, ესენი იქ შესულიყვნენ და ა.შ. მაშინაც რომ შესულიყვნენ, უარესს მიიღებდნენ ისევ თვითონ. რა თქმა უნდა, დაზარალდებოდა ქვეყანა. მათ დააზარალეს ქვეყანა გარკვეულწილად. ნახეთ, ტურიზმიც, ინვესტიციებიც და ა.შ. თავისთავად, პოლიტიკური სტაბილურობა განსაზღვრავს ეკონომიკურს და ეს არის საფუძველი ყველანაირი ტიპის განვითარების. რა თქმა უნდა, ცუდია ამდენი ქუჩა… მაგრამ თვითონ რამდენად აქვთ შანსი, გაცილებით უარესს მიიღებდნენ. შიგვე ჩავიჭერდით იმ პარლამენტში ყველას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღევანდელ რეალობას ვერ აცნობიერებს და შევარდნაძის დროს ადარებს.

„ვერ აცნობიერებენ, შევარდნაძის დროს ადარებენ. შევარდნაძე იყო ასაკში შესული. არ ჰყავდა გუნდი, დაღლილი იყო პოლიტიკისგან და ა.შ. ესენი მოვიდნენ ამ ფონზე. მართლაც გაყალბებული არჩევნების ეჭვი, რაც იყო, ეს იყო საფუძვლიანი და ამ ფონზე მოახერხეს, გუნდი მობილიზებული მოუვიდა, მხარდაჭერილი და გააკეთეს, რაც გააკეთეს – რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება.

ჩვენ დღეს გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მგონი, არც ლიდერად ვარ ცუდი. ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია მაგათზე მეტი. რომც მოეხერხებინათ და შესულიყვნენ პარლამენტში, უკეთეს შემთხვევაში, მიიღებდნენ ვადამდელ არჩევნებს და წააგებდნენ პირწმინდად. დაივიწყებდა მაგათ, ხაზს გადაუსვამდა ქართული საზოგადოება. ჯერ ერთი, ვერ მოახერხეს, მომავალში კიდევ უფრო ვერ მოახერხებენ ამას და მაგისი შანსი არ აქვთ. აგერ ჰქონდათ მცდელობები გუშინწინაც და იმის წინაც. იგივე უნდათ, დარჩებოდნენ პარლამენტთან, მერე პარლამენტში შევიდოდნენ, მერე სხვა ინსტიტუტზე გადავიდოდნენ. ერთი და იგივე სცენარი. ახლა გუნდმა სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ, თუ გნებავთ 20 ივნისის. ნახეთ, როგორ სუფთად ჩაატარა პოლიციამ ყველაფერი. მადლობის მეტი რა ეთქმის პოლიციას. არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა და მაგათაც აჩვენეს, რომ ეს რესურსიც აღარ აქვთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ვერავითარი გადატრიალება ვერ მოხდება, ეს წარმოუდგენელია.

„შევარდნაძის შემთხვევაში ერთი რამ გაიხსენეთ. შევარდნაძემ განცხადება დაწერა, თორემ მაშინაც კონსტიტუციური კოლაფსი ჰქონდათ მათ. ასე ხელისუფლებას ვერ მიიღებდნენ და არჩევნებს ვერ ჩაატარებდნენ. მან საკუთარი ნებით დაწერა განცხადება, თორემ იმ დროსაც კი, როდესაც შევარდნაძე ასაკში იყო და თან გუნდი არ ჰყავდა თავისი, განცხადება დაწერა, თორემ იქაც კი კრიზისი უდგებოდათ მათ და ასე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რადგან შესაძლო გადატრიალებაზე კითხვები ისმება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში კიდევ არის მსგავსი განცდა და თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ სჯერა გადატრიალების შესაძლებლობის.

„უნდა ნახოთ, ერთმანეთს როგორ არწმუნებენ, დღეს არა, ხვალ, ხვალ არა ზეგ. ის იქიდან გზავნის ამ ნაძარცვ ფულს. ამას არიგებენ ამ ბავშვებში და ნახეთ, როგორ იქცევიან ბავშვები. ჩვენ გვეძახიან – არა ოკუპაციას, ჩვენ გვეძახიან, რომ სამართლიანად ჩაატარეთ არჩევნები. ყველაფერი შეიძლება, მოგვაწერონ, მაგრამ დღეს რომ ყუთებში მიდის და მხოლოდ ამომრჩევლის ხმები ითვლება, ეჭვი არავის აქვს, არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთ უცხოელს. თვითონაც კი ვერ ბედავენ ამაზე საუბარს. ხომ გახსოვთ, როგორც ატარებდნენ. გარდა უამრავი უკუღმართობისა, ბიულეტენებს ხომ თვითონ ყრიდნენ ყუთებში. ყველაფერი ხომ შევცვალეთ, არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის ტრაგიკული მათთვის, პირველ რიგში, მერე მთელი ქვეყნისთვის, რომ ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვთ, რომ ესენი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამათ ქართველი ხალხი სამართავ ბერკეტებს აღარ მისცემს, იმიტომ, რომ ჩვენ მახსოვრობა არ წაგვშლია, კარგი მახსოვრობა გვაქვს და კარგად ვხედავთ ყველაფერს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.