ბიძინა ივანიშვილი - რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, გუნდში უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა
გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი არსებობდა და პროცესი დაწყებული იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როგორც პარტიის ყრილობაზეც ისაუბრა, შეიმჩნეოდა, რომ გუნდურობა თითქოს, დაკარგული იყო.
„რაც დავასახელე ყრილობაზე ჩემი გამოსვლის დროს, სამი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში შემობრუნების, გახლდათ ის, რომ გუნდში შეიმჩნეოდა, თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ყრილობაზე გამოსვლისას, ამაზე მსუბუქად მიანიშნა, თუმცა გუნდის დაშლის ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა.
„თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო, გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო. რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, გუნდში უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.