ბიძინა ივანიშვილი - რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამაზე პასუხი გვაქვს გასაცემი საზოგადოებისთვის, რისთვისაც არსებობს არჩევნები
ბიძინა ივანიშვილი - რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ, ამაზე პასუხი გვაქვს გასაცემი საზოგადოებისთვის, რისთვისაც არსებობს არჩევნები

ამომრჩეველს შეუძლია, დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ, რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის მოკავშირე არასამთავრობოებთან, რომლებმაც სრულად პროპორციულ სისტემაზე თავის დროზე თქვეს უარი, „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს გასაცემი.

„ყველასთან შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ. საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, პასუხი გვაქვს გასაცემი, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ, ასწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით, ვერ შევასრულეთ, თუ არ შევასრულეთ – როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ, ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ გაწყვეტილი აქვთ, დიდი ხანია, გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს, ამ სისტემაზე გადასვლას. ნახეთ, კონსტიტუცია როგორი მივიღეთ 2017 წელს. თქვენთან იჯდა ერთ-ერთი კონსტიტუციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც შეახსენეთ თქვენ, მახსოვს, თვითონ გაიგებს გამგები, აღარ მინდა ამაზე ბევრი დრო დავხარჯო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.