ბიძინა ივანიშვილი - ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომ ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ ნეგატიური კონტექსტის შემთხვევაში აქვს, სამწუხაროდ, ხელისუფლებამაც ამ გამოწვევას სათანადოდ ვერ უპასუხა
მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრმა ზრდამ, რაც ჩვენი ხალხის განსაკუთრებული მონაპოვარი და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ არსებული ხელისუფლების დამსახურებაა, უამრავ სიკეთესთან ერთად, განაპირობა სიცრუისა და პროპაგანდის მანქანის ძალიან დიდი სიმძლავრით ამუშავება, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის ატმოსფეროს და ცდილობენ, დააჯერონ ხალხი, რომ ხელისუფლება თითქოს არაფერს აკეთებს.
„რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრედწოდებული ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატმოსფეროს. ეს „ცარიელი სიმრავლე“ ცდილობს, დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – განაცხადა მან.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს ადვილად იჯერებენ. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, საქართველოში დღეს ადამიანთა ცნობიერებაზე არნახული საინფორმაციო იერიში მიმდინარეობს.
„ცხადია, ეს ბრალდებები არც ერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იჯერებენ და გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ისეთი სტანდარტი დამკვიდრდა, რომ ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ ნეგატიური კონტექსტის შემთხვევაში ენიჭება. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, აღნიშნული ერთგვარ ტრენდად იქცა და ამ გამოწვევას ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა.
„ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს „ახალი ამბის“ სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა, პრაქტიკულად, საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიესდა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.