ბიძინა ივანიშვილი - ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება სამეცნიერო ცენტრი, რომლიც დაფინანსებას მე პირადად და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს
ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, რომლის დაფინანსებას პირადად მე და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობას ეხება.
ამასთან, მისი თქმით, სამეცნიერო ცენტრი თბილისისთვის დიღომში შენდება.
„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს დამატებითი ხიბლი ექნება ის, რომ იქვე სამეცნიერო ცენტრსაც გავაკეთებთ. ადრონული თერაპია, ამაჩქარებელი, რომელიც მეგაპროექტად ითვლება. გარდა მკურნალობისა, მასზე შეიძლება, გაიზარდონ სხვადასხვა დარგის მეცნიერები – მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები და ა.შ. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელია პაციენტისთვის ამით დასხივება. უფრო ეფექტურად ხდება დაზიანებული ადგილის მკურნალობა, სადაც ონკოუჯრედები მრავლდება და ნაკლებად აზიანებს მთელ ორგანიზმს. ამ ფონზე ადრონული თერაპია იქნება ძალიან დიდი შეღავათი პაციენტებისთვის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სამეცნიერო ცენტრის დაფინანსებაზეც ისაუბრა.
„მე პირადად და „ქართუ“ ფონდი გააგრძელებს ამის დაფინანსებას და დიღომშიც იქნება სამეცნიერო ცენტრი თბილისისთვის, მაგრამ ქუთაისს და საუნივერსიტეტო ქალაქს ექნება თავისი სამეცნიერო ცენტრი, სადაც დისერტაციების დაცვას შეძლებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ. ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.