ბიძინა ივანიშვილი - ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით
ქართული ლიტერატურის სიყვარული აუცილებლად უნდა ნახო თამაზ ტყემალაძის გადაცემებით, მაგრამ მისი ნიჭიერების, ყველაზე დიდი ამოფრქვევა, გახლავთ ქართული სუფრა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც ჟურნალისტისა და ლიტერატურათმცოდნის, საქართველოს პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორის, თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო.
ივანიშვილის თქმით, თამაზ ტყემალაძის მოღვაწეობა ყველაზე ემოციურად ქართულ სუფრაზე გამოიხატებოდა.
„ჩვენ მოვისმინეთ, როგორი ლამაზი პოეზია აქვს ჩვენს საყვარელ თამაზს. ჩვენ ასევე გაგვაცნეს მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, ის იყო საუკეთესო მასწავლებელი და დღესაც ბავშვების სიყვარული მოჰყვება.
გავიგეთ იმის შესახებაც, რომ ის არის კარგი პუბლიცისტი და ორ წიგნს კიდევ ველოდებით. რედაქტირება გაუკეთა რამდენიმე გამოცემას.
ამავდროულად დავამატებდი, რომ მისი ლიტერატურული გადაცემები, მისგან შეფასებული ვაჟა-ფშაველა, ბარათაშვილი, თუ ილია ჭავჭავაძე ნებისმიერ ქართველ მოყვარულს ჩვენი მწერლობის აუცილებლად რაღაც ახლებურს შესძენს და დიდი ემოციებს დაამატებს.
ქართული ლიტერატურის სიყვარული აუცილებლად უნდა ნახო თამაზისგან გაკეთებული გადაცემებით, მაგრამ მისი ნიჭიერების, ყველაზე დიდი ამოფრქვევა, ჩემი აზრით, გახლავთ ქართული სუფრა.
მისი მოღვაწეობა, ყველაზე ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე. მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, მისი ყველაზე დიდი ღირსება ბატონი თამაზის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით. ამის მშვენიერება არის ქართველი თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვა. მე გადაჭარბებულად არ ვამბობ, მიმაჩნია, რომ, არა კოსმიური ხომალდები, არა დიდი გამოგონებები რაც ჩვენ ვიცით, არამედ ჩვენმა ცივილიზაციამ რაც მოახერხა, ქართული სუფრაა ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ცივილიზაციის, გულწრფელად გეუბნებით. პირველად ჩარგალში ვთქვი 2013 წელს, გავბედე, ვთქვი, მითქვამს ხშირად და გავიმეორებ კიდეც, მე ჭეშმარიტად ასე მიმაჩნია. ქართული სუფრა ყველამ კარგად იცის და მე არ ჩამოვთვლი, თუ რა ხდება ქართულ სუფრაზე, ყველაზე დაჩაგრული, შეუმდგარი ადამიანიც კი როგორ ხდება გმირი, როგორ ეფერებიან მას და მომავალში კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება ქართულ სუფრაზე ვთქვა.
ქართულ სუფრაზე რომ გამორჩეული თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც აქვს ბატონ თამაზს, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მისი პოეზიაც, სხვა პედაგოგიური დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც დიდი ღირსებები სჭირდება ამას და ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია.
ყოფითი ცხოვრების არსი ვისაც შეუმეცნებია, ამის სამტკიცად მოვიშველიებ ბატონ რეზო გაბრიაძის ბოლო ნაწარმოებს ფილმის სახით – რუსულად არის და ქართულად ასე ჰქვია: „დედა, იცი, მე სად ვიყავი?!“. თუ არ გინახავთ ნახეთ ეს ფილმი და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გენიალურად აქვს გადმოცემული ყოფითი ცხოვრების არსი. მულტფილმის სახითაა, თვითონ რეზოს მიყავს და აგებული აქვს თავის ბიოგრაფიაზე. მე ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედების მწვერვალია. ყოფითი ცხოვრების არსი ვისაც ესმის, ქართული სუფრაა მისი ყველაზე მაღალი ფენომენი და ბატონი თამაზის ხელოვნება ყველაზე კარგად თამადობაში გამოიხატებოდა.
მთლიანობაში მე იშვიათად ვხმარობ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს თამაზს ეკუთვნის გულწრფელად. დიდი ილია ამბობდა, საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კაი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ჩვენს თამაზს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.