ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ გუნდში არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას, გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ეს არის ერთადერთი, რასაც ვთხოვ
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პარტიის საქმიანობაში არ ჩაერევა და გუნდის წევრებს მხოლოდ თხოვნით მიმართავს, ერთმანეთის მიმართ ოპონირებას ნუ მოერიდებიან.
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს უპასუხა შეკითხვას: „როგორ შეიკავებთ თავს, არ უთხრათ გუნდს, რომ, ვთქვათ, რაღაცას არ აკეთებენ სწორად, როგორ გაწყვეტთთ საერთოდ კომუნიკაციას“.
„ზოგადად, ადამიანს უნდა ახასიათებდეს, რომ ბოლო ჭეშმარიტება არ არის მისი აზრი. ასე გავიზარდე და ასე ვცხოვრობ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ასაკიდან, სხვადასხვა სფეროში ჩემი მოღვაწეობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს. ძალიან ხშირად, თანაგუნდელები პაექრობაში უკეთეს აზრს გამოთქვამდნენ, ვიდრე მე, ასე არ იყო, რომ მე ვამბობდი და ისინი აკეთებდნენ. ჩვენი თანამშრომლობა მუდამ ასეთი იყო. აუცილებლად ყველას აზრს ვისმენდით და აუცილებლად ვაღწევდით კონსენსუსს. ისიც მინახავს, ჩემი წინადადებაც გასულა ან ვინმეს ნათქვამი, რომელიც ვერ მივიღეთ, უფრო სწორი გამოდგა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც გუნდს სთხოვა, სწორედ ის იყო, რომ ამ პრინციპით გააგრძელონ მუშაობა.
„უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ მთავრობის მეთაური მთავრობას, შერჩეული მინისტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.