ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ობიექტურად განაწყენებულია, ვპირდები მათ, მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის განაწყენებულ მხარდამჭერებს ჰპირდება, რომ სამართლიანობას მაქსიმალურად აღადგენს.
როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი ობიექტურადაა განაწყენებული.
„ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი დღეს ობიექტურად განაწყენებულია. ვპირდები მათ, რომ მაქსიმალურად აღვადგენ სამართლიანობას, ის, რაც ვერ მოხდა ჩემი პრემიერობის დროს. თავი უნდა ვიმართლო. ერთი წელიწადი ვიყავი პრემიერი, ძირითადად დაკავებული ვიყავი იმით, როგორ დამერწმუნებინა ჩვენი პარტნიორები საზღვარგარეთ, სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ევროპელები, რომ მე არ ვარ ვიღაც დესტრუქციული ძალა, რომელიც მოვიდა, რომ საქართველო დაანგრიოს და ვიღაცას გადასცეს, რასაც უკიჟინებდნენ „ნაციონალები“. მათ ჰქონდათ ძალიან კარგი კავშირები, ძალიან მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ ამერიკასთან თუ ევროპასთან. ვერც კი წარმოგიდგენიათ, რაც არ ჩანდა და, რასაც ვერ ვიტყვი დღესაც მედიაში, რა სიღრმეებში იყვნენ ჩასული და როგორი კავშირები ჰქონდათ, რამდენად მძიმე იყო მაშინ ჩემი მაშინდელი ყოფა პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, რთული პერიოდი იყო მაშინაც, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირები პასუხისგებაში მიეცნენ.
„ჩემი წასვლის შემდგომ ეტაპებზე გახსოვთ, რომ მძიმე იყო ის დასჯის პერიოდები, როცა პასუხისგებაში მიეცა ძალიან ბევრი ყოფილი თანამდებობის პირი ღარიბაშვილის დროს, შემდეგ მოვიდა კვირიკაშვილი, ახლა არის ახალი პრემიერი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის პარტიას მკვეთრი ვერტიკალი ექნება.
„დღეს რაც მთავარია და რა მთავარი დამატებითი რესურსიც გაგვაჩნია, რაც მაძლევს უფლებას, საჯაროდ განვაცხადო, რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს, ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, რომ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ექნება ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის პარტიას. ამის საშუალებას მაძლევს ის, რომ ყოველგვარი ეჭვი ევროპიდან და ასევე, სტრატეგიული პარტნიორიდან, აშშ-დან, ჩვენი გუნდის მიმართ, პირადად ჩემ მიმართ, აბსოლუტურად განულებულია. პირიქით, დღეს აშშ-თან საუკეთესო პარტნიორობა გვაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მცირედი ეჭვიც არ არის „ქართული ოცნების“ მიმართ და არავინ სვამს კითხვებს პარტიისა და მისი წარმომადგენლების პროდასავლურობაზე.
„არანაირი კითხვა არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ამის კარგი მაგალითი იყო, რომ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ასევე პროდასავლურად მოიხსენიებოდა, წავიდა თანამდებობიდან, კითხვა არ დაუსვამთ, რატომ წავიდა და ვინ იქნება. გულახდილად გეუბნებით, ადრე ასე არ იყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, აღარავის აქვს კითხვები ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც და ყველამ დაინახა, რომ ის სამართლიანად არის დასჯილი.
„არავითარი კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს კარგად ჩანს. ყველამ აღიარა, რომ ის სწორად არის დასჯილი. არ ვიყენებ ამ სიტყვებს და ნახეთ, რამდენად კულტურულია ჩვენი გუნდი, გუნდის არც ერთ წევრს, მათ შორის მეც არასდროს მოგვიხსენიებია სააკაშვილი კრიმინალად, რისი უფლებაც დღეს გვაქვს. ქართულმა სახელმწიფო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა. შეგვიძლია, ეს ტერმინი გამოვიყენოთ, ნახეთ, თვითონ რა ტერმინებს ხმარობენ და როგორ იქცევიან“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ ლიდერმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნის პარტნიორების დარწმუნების მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაზეც მანამდე დიდი ენერგია იხარჯებოდა.
„აღარ არის დღეს პრობლემა იმისა, რომ პარტნიორები ვარწმუნოთ, ვინ ვართ ჩვენ. ძალიან დიდი ტვირთი მოვიშორეთ. ამაზე მიდიოდა უზარმაზარი ენერგია. პირველ წელს ჩემი ენერგიის 90 პროცენტი ამ მიმართულებით მიდიოდა. დღეს ჩემს გამოცდილებას, ენერგიას, აღარ დავხარჯავ აღნიშნული მიმართულებით ისევე, როგორც გუნდი“, – განაცხადა მან.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მთელ თავის გამოცდილებასა და ენერგიას მენეჯმენტისა და ვერტიკალის გაძლიერებისკენ მიმართავს.
„ჩემს გამოცდილებას, ენერგიას მთლიანად მოვახმარ მენეჯმენტს, რომ ვერტიკალი იყოს მკაცრი, კარგად იგრძნობოდეს სახელმწიფო . ამავე დროს, დემოკრატიული ღირებულებები უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს, რათა რავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ამის ნაცვლად და საფასურად მოვახერხებთ ვერტიკალის გაძლიერებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.