ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ
„ქართული ოცნება“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„დაფუძნდა აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედაც წარვადგინეთ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე. ეს ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაფორმდეს ყრილობაზე, რომელსაც ჩვენ გაზაფხულისთვის ვგეგმავთ. გარდა ამისა, საუბარი გვქონდა და ესეც რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნებას ეძღვნებოდა, რომ მაქსიმალურად უნდა გავააქტიუროთ პარტიული მუშაობა. ის, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა, არჩევნებზე იყო მხოლოდ აქტიური, ჩვენ ამ რეჟიმზე პრინციპულად უარს ვამბობთ და ყველა დროს, არჩევნებიდან არჩევნებამდე, შუალედიც უნდა იყოს არჩევნების მსგავსი და უფრო აქტიური, მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე მართავენ შეხვედრებს რეგიონებში, ხოლო სექტემბრიდან კიდევ უფრო გააქტიურდებიან მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიმართულებით.
„ჯერ საჯაროდ არ განგვიცხადებია, მაგრამ მოგახსენებთ, რომ უკვე აქტივი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასულია რეგიონებში, უფრო მეტად მთიან რეგიონებში და სექტემბრიდან გაცილებით მეტად აქტიურები ვიქნებით. მაქსიმალური რაოდენობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან თუ პარლამენტიდან, საკრებულოებიდან მოახერხებს რეგიონებში გასვლას და საზოგადოებასთან მაქსიმალურ კომუნიკაციას. ჩვენ გავალთ და ვუპასუხებთ ყველა შეკითხვას. მათთან გვექნება ძალიან ბევრი პოლემიკა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით რეგიონებში ყველას აშფოთებს გზა, წყალი, კანალიზაცია და სხვა. ჩვენ მათთან ერთად დავიხვეწებით გამოყოფილი თანხების ეფექტურად გამოყენებაში. მოვახერხებთ, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციებით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.