ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში, 63-საც აჭარბებს
ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63 პროცენტსაც კი აჭარბებს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
ივანიშვილის თქმით, უდავოა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამჟამად მყარი პოზიციები აქვს და პარტია დამაჯერებლად იმარჯვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.
„უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63 პროცენტსაც კი აჭარბებს.
შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.