ბიძინა ივანიშვილი - პროგრესს არ იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი მხოლოდ „ღიმილიანი საქართველოს“ სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე, უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს, ვიდრე ოდესმე დახარჯულა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ივანიშვილმა შესაბამის სტატისტიკაზეც ისაუბრა.
„სურათის ნათლად წარმოსაჩენად, მოდით, ისევ მოვიხმოთ სტატისტიკა და დავინახოთ განსხვავება: რეჟიმის ცხრაწლიანი მმართველობის დროს, ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში – 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი.
ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. გაიზარდა, და პრაქტიკულად გაორმაგდა, მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მაშინ როცა, წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც და ზრდა მოხდება ყოველწლიურად. რასაკვირველია, არც ამ პროგრესს იმჩნევენ ჩვენი წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი მხოლოდ თავისი „ღიმილიანი საქართველოს“ სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს.
კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინიტრმა, „ქათმის გრიპად“ ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა – არ იღელვოთ,მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო. ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეოარქივები იწვის და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაამოწმოს ზემოთქმული“, – განაცხადა ივანიშვილმა.