„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებას ინარჩუნებდა სიცრუის, ძალადობის, დაუსრულებელი ცილისწამებისა და ფსიქოლოგიური ტერორის ხარჯზე.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების დაკარგვის დღიდან კვლავ მრავალნაცად ხერხს მიმართა.
„ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლებას – სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა.
მათ შეიმუშავეს მთელი კონცეფცია, რომლის მიხედვით, საკუთარი დანაშაულებრივი მმართველობის შედეგად ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი, მოჩვენებითი აღმშენებლობის პროპაგანდით და მათი ეგრეთ წოდებული ეფექტურობით უნდა გამართლებულიყო, ხოლო „ქართული ოცნება“ წარმოჩენილიყო არაკომპეტენტურ და არაფრისშემძლე ერთობად. ასე დაიწურა მათი პროპაგანდისტული მოძღვრება ერთ მარტივ ტერმინში – „უნიათობა“, რომელიც უნდა ქცეულიყო „ქართული ოცნების“ მთავარ მახასიათებლად, ზედსართავ სახელად, რათა მომხდარიყო მმართველი გუნდის დისკრედიტაცია. მათ წლები მოანდომეს ამ ეპითეტის დამკვიდრებას. ამოცანა ცხადი და კონკრეტული იყო – რაკი ვერაფერი გაათეთრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს, ამიტომ უნდა გაშავებულიყო „ქართული ოცნება“. ამ ორ ძალას შორის კი ქართველ ხალხს უნიათოს ნაცვლად ეფექტური უნდა აერჩია.
სიცრუეში დახელოვნებულებმა, საკუთარი შანსი ჩვენს სიმართლეში დაინახეს: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით, სამ-სამჯერ არ ვხსნიდით რომელიმე ხიდს თუ საწარმოს; წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე; არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას და საუკუნის პროექტებს არ ვარქმევდით მათ; ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით; არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად. თუმცა, მათ გასაკვირად, სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ მართვის სადავეების დაბრუნებაზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება.
„პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება – საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი.
სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ, ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცველის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო, სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. სწორედ ამ ფონზე შემოიტანა ნაციონალურმა პროპაგანდამ ჩაფლავებული „უნიათობის“ პარალელურად, ტერმინი – „სისხლიანი რეჟიმი“ – დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა. არც ამან იმუშავა. ხალხის მოტყუება კვლავ ვერ შეძლეს.
მერე, როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი, საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ. ოღონდ ერთი შესწორებით – თუკი ადრე, ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ სტატისტიკით, – დღეს ამაზეც უარი თქვეს. ფაქტი, მოვლენა და არგუმენტი საერთოდ გაქრა მათი რიტორიკიდან. დარჩა მხოლოდ იარლიყი და დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია.
და რადგან დღეს აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს, ცდილობენ, დათესონ შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა. რას აღარ აგონებენ ხალხს, თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, თითქოს გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს განვითარება შეჩერებულია, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და, საერთოდ, რა დღიდანაც ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში, ქვეყანა უფსკრულშია.
„ჭაობი“, „დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა“, „უპერსპექტივო აწმყო“, – უხვად იფრქვევა, უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული, მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან. პრინციპში, არც გაემტყუნებათ – პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.
„2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში: ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99 პროცენტიანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა; თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 პროცენტით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 პროცენტით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი; 8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება. ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს?
შედეგები, ამ მხრივ, მართლაც შთამბეჭდავია, კერძოდ: ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის – „ჰერითიჯფაუნდეიშენის“ კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველადგილს იკავებს. იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით,საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის“ მიხედვით, საქართველო, საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი, მე-14პოზიციას იკავებს, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, მსოფლიოს ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველო ე.წ. შავ სიაში ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები აღარ იდევნებიან. დღეს ამ სახელმწიფოთა 90 პროცენტი, საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარებს. ეს არის რეალობა, რომელსაც, როგორც დარწმუნდით, ჩვენთან ერთად საერთაშორისო მონიტორებიც ერთხმად აღიარებენ. ერთადერთი ძალა, რომელიც ამ სიმართლეს გაურბის, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდაა, რომელიც ჯიუტად არ იმჩნევს ესოდენ თვალსაჩინო პროგრესს, რადგან ქვეყნის წარმატებას, საკუთარ უბედურებად მიიჩნევს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.