ბიძინა ივანიშვილი - პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ
პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„წინასწარ მქონდა დაწერილი გრაფიკი, რა დროს მოვიდოდი პოლიტიკაში, რა დროს წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან ვამაყობდი, რომ თანმიმდევრული ვიყავი და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, მაგრამ აუცილებელი. რადგანაც პოლიტიკაში მოვედი და დავარღვიე ჩემი თანმიმდევრულობა, ამ შემთხვევაში, მე პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ, რამდენსაც შევძლებ – 62 წლის ვარ, პატარა ბიჭი აღარ ვარ, სანამ ენერგია მექნება. რაც მთავარია, სანამ საზოგადოებიდან ვიგრძნობ, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ვიქნები.
ძალიან მოწყვლადია სახელმწიფოს მდგრადობა, რადგან ხალხი, რომელიც ღარიბია და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არ არის – სოფლის მეურნეობას პირობითად სამუშაო ადგილებად რომ ვასახელებთ, მე ასე არ ვიმეორებ ამას – კერძო ნაკვეთებში დაკავებულები. ჩემი აზრით, უმუშევრობის პროცენტი გაცილებით დიდია ვიდრე სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება, არა იმიტომ, რომ იტყუებიან, რეალობას თუ ჩავხედავთ.
მინდა, რომ სანამ მოწყვლადია, თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას. სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მაქვს და საჭიროებაც არ არის. ახალგაზრდა გუნდი მოდის და ჩემზე კარგად ართმევენ თავს. ენერგიითაც და ცოდნითაც. ჩემზე მცოდნეები და ენერგიულები მოდიან. ნახეთ, ახალი გუნდი როგორ ჩამოყალიბდება. ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი მივიღეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.