ბიძინა ივანიშვილი - პარტია, რომელიც პრაქტიკულად უმოქმედოა, ერთ წელიწადში ახალი სახეებით შეივსება
პარტიას, რომელიც პრაქტიკულად უმოქმედოა, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, „მაესტროს“ ჟურნალისტის, მაგდა ანიკაშვილის კითხვაზე, რა ცვლილებებს გეგმავს უახლოეს ერთ წელიწადში.
ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს მართვაზე ისაუბრა და ასევე, პარტიის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია.
„ღარიბი სახელმწიფოს დემოკრატიული მეთოდებით მართვა არის უაღრესად რთული და საერთოდ, მდიდარი სახელმწიფოს მართვაც გაცილებით რთულია დემოკრატიული მმართველობით, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურით. შესაბამისად, ის, რომ გაჩნდა ეჭვები და ჩანდა თითქოს, რომ სახელმწიფო არის უმცირესობა, რომელიც მართავს უმრავლესობას და ერთადერთი, ვისაც აქვს ამავდროულად ძალის გამოყენების უფლება. ის, რაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და, რასაც ანგარიშს უნდა უწევდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომ კანონს თუ არ დაიცავს, შიეძლება, მას სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს, ამავდროულად ძალის გამოყენებითაც, თითქოს ეს იკარგებოდა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ერთ წელიწადში ახალი სახეებით შეავსებს პარტია „ქართულ ოცნებას“ და მენეჯმენტსაც გააუმჯობესებს.
„თვითონ პარტიას, რომელიც არის პრაქტიკულად უმოქმედო, ერთ წელიწადში, აბსოლუტურად ახალი ხალხით შევავსებ, ძლიერი ხალხით გავამაგრებ, მენეჯმენტს გავაუმჯობესებ. ამით, ვერტიკალის გამყარებით დაიკარგება უხეში ილუზია იმისა, რომ ვიღაცებს შეუძლიათ სახელმწიფოს სიძლიერეში ეჭვი შეიტანონ და სიტუაცია იოლად ამოაყირაონ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.