ბიძინა ივანიშვილი - პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით
პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ეგონათ, რომ მათსავით მოვექცეოდით, მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ძალიან სუსტია და მას გაჯანსაღება სჭირდება.
„თეორიულად არ მიყვარს არანაირი რევოლუცია. ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება. ეს პროცესი ხდება ახლა. ჩვენი ოპონენტებისგან უეცრად რაღაც საუკეთესოს ვერ მივიღებთ. ოპონენტების ძირითადი ნაწილი მყავს მხედველობაში, თუმცა ახალი ძალებიც გამოჩნდნენ და რატომღაც, ისინიც მათ ხელწერას ირჩევენ. ამათგან უეცრად რაღაც განსხვავებულ პროდუქტს ვერ მივიღებთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს კარგია, საქმისთვის, თუ ეს ძალიან გახანგრძლივდა, რა თქმა უნდა კარგი არ არის. სჯობს, მალე გაჯანსაღდეს ოპოზიცია. გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვალში დაიწყება კომისიის ჩამოყალიბება და მოხდება უბნების გადათვლა, რაზეც ჰქონდა ოპოზიციას პრეტენზია. ამბობდნენ, გაყალბდა, თუმცა არ გადავთვლით, თუ შევამოწმეთ, არ გვაწყობსო. ახლა ოპოზიცია ძალიან კრიტიკულ სიტუაციაშია. თუ ეყოფა ძალა ჯანსაღ ნაწილს და უარს იტყვიან დიქტატორზე, რომელიც დღესაც ჰყავთ, კარგი იქნება. არაფორმალურად იმართებიან, სულ სამი-ოთხი კაცია იქ, ვინც ძალადობს და ამუნათებს ვიღაცებს, თითქოს ჩნდება რესურსი, რომ ახლაც მოახერხონ, მაგრამ დრო დასჭირდებათ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა უცებ ვერ გაჩნდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს.
„სამწუხაროდ, ახლით ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდა სწრაფად. ეკონომიკაში კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე, აქ გვგონია, რომ მდიდრები ვართ, ძირითადად ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის. არაფერი შეუქმნია, არაფერი გაუკეთებია, ჰგონია, რომ ყველაზე იოლი პროფესიაა ეს, მოდის და ყვირილს იწყებს, ცრუობს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის. ყველაზე დიდი ტრაგედიაა სწორედ ე არის. ის, რომ ჩვენ განათლების რეფორმით ამხელა ნაბიჯი გადავდგით, გმირობის ტოლფასია. ეს შეიძლება იყოს ხსნა ისტორიული წარსულისთვის და გაგვიჩნდეს წარმატებული მომავალი. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები, მაგრამ პროფესიონალები გვაკლია ბევრი მიმართულებით. ძალიან ბევრი ავანტურისტი მოდის, იმის მსგავსი, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი ხელს არ ჩამოართმევს.
„ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია. მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ. ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი, კაცია. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც. პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. თავისნაირად ეგონათ, თუ მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს. ახლა იქიდან ძალადობენ, გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოვიდეთო. ნახეს, რომ არაფერი გამოდის“, – განაცხადა ივანიშვილმა.