ბიძინა ივანიშვილი - „პანორამა“ უპრეცედენტო პროექტია, რომლითაც აღფრთოვანებული არიან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები, ყველა, ვისაც საქმე ესმის
ბიძინა ივანიშვილი - „პანორამა“ უპრეცედენტო პროექტია, რომლითაც აღფრთოვანებული არიან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები, ყველა, ვისაც საქმე ესმის

„პანორამა“ უპრეცედენტო პროექტია, რომლითაც აღფრთოვანებული არიან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენები, ყველა, ვისაც საქმე ესმის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას ძალიან დიდ ბიძგს მისცემს. ეს არის სამსაფეხურიანი სასტუმრო. „ცეკავშირის“ შენობის ადგილზე აშენდა შენობა, რომელიც ყოფილი შენობის საზღვრებს ერთი მეტრით არ გადაცილებია და აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ყვიროდნენ. „ცეკავშირის“ დამახინჯებულ შენობაზე წლობით ფარდები იყო ჩამოფარებული და მას ვერაფერს უხერხებდნენ. თბილისში ყველაზე ცენტრალური ადგილი ალბათ, ეგ არის და აქედან საბაგიროთი ოთხ წუთში ადიხარ ადგილზე, სადაც შეგიძლია, გოლფი ითამაშო. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც ოდესღაც, ძველი თბილისის სანაგვე იყო და ამ ადგილზეც სასტუმრო გაკეთდება. მესამე საფეხური თაბორის მთაა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფ კლუბიც და გოლფის მოედანიც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „პანორამის“ შუა ნაწილში გაკეთდება ძალიან დიდი საკონფერენციო სივრცე, რითაც ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ.

„გაკეთდება უნიკალური სივრცე, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან დეფიციტია. ათას ხუთას კაცს ვერ ვატევთ ვერსად და აქ ხუთი ათას კაცს დაატევ. თან, საბაგიროთი შეიძლება გადაადგილება და არა მანქანით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამას სახელმწიფოს უფასოდ გადასცემს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, თაბორის მთაზე დაავადებული ხეების მეტი არაფერი იყო, ახლა კი, იმაზე მეტი ხე დაირგვება, ვიდრე აქამდე იყო.

„იქ მეტი სიმწვანე იქნება. განაშენიანების პროცესი დაწყებული მაქვს და ამ ნაწილს ისედაც ვანაშენიანებდი, სანამ თაბორს დავიწყებდი. რა თქმა უნდა, იქ სიმწვანეც მეტი იქნება და თან, ქალაქის ცენტრში რომ ასეთი რამ ხდება, ასეთი დონის სასტუმროების კასკადი რომ იქნება, გარწმუნებთ, ეს თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის ისეთ პროექტს აკეთებს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის გაკეთება ძალიან ძვირი, 700 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება და თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამაში ის ფულს აკეთებს, თუ ამ პროექტის შესყიდვას საქართველოს რომელიმე მოქალაქე მოინდომებს, ფასდაკლებით მისცემს.

„ოღონდ, ეს პროექტი გააკეთოს ვინმემ და მინიმუმ, მიწას გადავუფორმებ უფასოდ, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. ასეთივეა ანაკლიის პროექტიც. მე მიწა შეძენილი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე ააშენებს, იმ მიწას ვაჩუქებ, უფასოდ მივცემ. ასევე უნიკალურ პროექტს ვაკეთებ სანატორიუმის სახით, რასაც მწვანე კონცხი ჰქვია და იმ შემოსავლებით ბოტანიკურ ბაღს მივხედავ ბოლომდე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.