ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიციის ზოგიერთ წევრთან მქონდა საუბარი და ამბობდნენ, რომ 20 ივნისის ღამეს არაფერი ხდებოდა
ოპოზიციის ზოგიერთ წევრთან მქონდა საუბარი და ამბობდნენ, რომ 20 ივნისის ღამეს არაფერი ხდებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.
„რატომ მოხდა? თუ დღეს ეკითხებიან, თუ მიეცი ხმა ხუთი თვის წინ, რატომ ამბობ დღეს უარს? პასუხები სხვადასხვანაირია, თუმცა მე ჩემს ინტერპრეტაციას გავაკეთებ. რა შეიცვალა, ხუთი თვის წინ მიეცი, ახლა არ მიეცი. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო ივანიშვილის მიერ. ბევრი ტიპის ინსინუაციაა. რა მოხდა რეალურად: 24-ში გავაკეთეთ განცხადება, ორ რამეს ითხოვდნენ – პოლიცია დაესაჯათ, მეამბოხეები დავარქვათ, თუ შემტევები დავარქვათ, თუ რაც ხდებოდა 20 ივნისის ღამეს, რომ პარლამენტში შესვლას ცდილობენ, ოპოზიციის ზოგიერთი წევრი ამბობს, რომ არაფერი ხდებოდა. ზოგიერთთან მე მქონდა საუბარი. არაფერიც არ გვინდოდა. აბა, პარლამენტში შუაღამისას რატომ აწვებოდით, რატომ შედიოდით თუ არაფერი არ გინდოდათ. მით უმეტეს, რომ უახლოეს ისტორიაში ორჯერ ხელისუფლება სწორედ ამის საფუძველზე შეიცვალა. ეს ხალხი გამოდიოდა, ორი მოთხოვნა ჰქონდათ. ერთი – რომ ჩვენ ესენი კი არ უნდა დავსაჯოთ, ვინც პარლამენტზე ძალადობდა, სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ინსტიტუციაზე, არამედ პოლიცია. მეორე – პროპორციული, რასაც შეიძლება დავარქვათ, ლეგიტიმური და რელევანტური იყო. ავდექით, კეთილი ნებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული 10 შეხვედრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ ორზე მივიდა.
„აბა, ნახეთ რეაქცია. 10 შეხვედრა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და ორჯერ მივიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისგანაც გამოიკვეთა რომ ორგანიზებული იყო 20 ივნისის ღამეც. ჩვენ გუნდში შეგვექმნა ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, ეს იყო საზოგადოების მოთხოვნა და ამაზე გავყევით.
ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“, აღარ ვაშორებ ერთმანეთს, „ევროპული საქართველო“ იქნება თუ „ლეიბორისტული პარტია“, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ და ერთ თამაშს თამაშობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები, ყოფილი თუ ახლანდელი, არ აქვს მნიშვნელობა. მე „ნაციონალურ მოძრაობად“ მოვიხსენიებ ყველას“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პროპორციული არჩევნების შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიციის რიტორიკა არ შეცვლილა, რამაც მმართველ გუნდში განწყობის ცვლილება გამოიწვია.
„სწორედ მათგან ორგანიზებული იყო. ნაცვლად იმისა, რომ გრძნობადობა ყოფილიყო იმისა, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მივიღეთ უარესი აგრესია. სამი თვის განმავლობაში ქუჩიდან ვერ გავიდნენ და არ გავიდნენ და თუკი რამე შეიძლებოდა სალანძღავი, გამოვძალეთ, ვაიძულეთ გინება, ლანძღვა, ამას ყველაფერი თან სდევდა და გუნდში განწყობა იცვლებოდა. მე დროდადრო მიწევდა გუნდში ხალხის დაწყნარება, რომ ეს რა გავაკეთეთ, რატომ გავაკეთეთ, რისთვის გავაკეთეთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.