ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა, შესაბამისად, ჩემი მიზანი ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა
პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი.
„დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემ მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე.
ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად, ჩემი მთავარი მიზანი არა საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.
მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისთვის, ორ-სამ კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.