ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიციიდან ჭარბობს გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა 
ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიციიდან ჭარბობს გინება, ლანძღვა და შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა 

ოპოზიცია ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან სწორად ოპონირებს, რეალურად, ოპოზიცია უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია.

„ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც სწორად ოპონირებდეს ხელისუფლებასთან, რაც ასე ჰაერივით სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და სახელმწიფოს მდგრადობას, რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს ეკონომიკა 10-ჯერ მცირეა ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე. მან განმარტა, რომ ქვეყნების ეკონომიკის შედარებისთვის უნივერსალურია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი – საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია  4400- 4500-ია, მაშინ, როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 40 ათას აჭარბებს, ბევრი შემთხვევაა 30 ათასიც, ხოლო იშვიათია სახელმწიფოები, როცა ეს მაჩვენებელი 20 ათასს ქვევითაა.

„ამ ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო და დარწმუნებით ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ვერ ნახავთ პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ ერთ-ერთი უფლება და მთავარი უფლებაა, რომ მას ჰქონდეს სამუშაო და ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ ახერხებს და ამ ფონზე, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან სახიფათოა სტაბილურობის შენარჩუნება და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან სიძულვილის ენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ კრიტიკა არ არის – მათ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზებიც უნდა აჩვენონ.

„ოპოზიციაც შეგახსენეთ, ეს სიძულვილის ენა, რომელიც ჭარბობს, ნაცვლად კიდევ გავიმეორებ, ოპოზიციის მხრიდან არგუმენტირებული და დასაბუთებული შენიშვნებისა, სწორი გზების ძიებისა და ჩვენებისა, რომელიც მათ საზოგადოებას უნდა აჩვენონ. ეს არ არის ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ, რომ აკრიტიკოს, კრიტიკა და ოპონირება, რა თქმა უნდა, ძირითადია, ამავდროულად, მათ უნდა მოახერხონ და საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზები აჩვენონ. ნაცვლად ამისა, ვიღებთ იმას, რაც მოგახსენეთ – სიძულვილის ენა სამწუხაროდ, ძალიან ჭარბობს, ჭარბობს გინება, ლანძღვა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აღნიშნული გარემოებაა.