ბიძინა ივანიშვილი - ოპონენტები ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებას, ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია
არ შეიძლება, მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ოპონენტებს ყველაფრის დანგრევა უნდათ ნებისმიერ ფასად და ისინი სრულ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ.
„არ შეიძლება, მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი, სრულად ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ. მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ, და რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად. ოპონენტები სრულ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად ჰპირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებისადმი მიმართვაში.