ბიძინა ივანიშვილი - მთაწმინდაზე პირველი ტური იყო ევროპული არჩევნები, ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს
მთაწმინდაზე პირველი ტური იყო ევროპული არჩევნები, ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან, ბერასთან ერთად მივიდა.
„პირველი ტურის დროს ველოდებოდით მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ვნახეთ კიდეც და დღეს ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მეორე ტური მთაწმინდაზე დემოკრატიულობის მაჩვენებელია, ეს კარგია. იცით, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ, როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს, ორივე ოპონენტს, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. ასე თანდათან ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები“,- განაცხადა ივანიშვილმა.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.