ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა რამდენიმე ვარიანტზე მუშაობს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ხალხს ვერ გაამდიდრებს, – ამის შესახებ ჭარბვალიანობის პრობლემებზე საუბრისას გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ამ ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ინიციატივაზე მუშაობს, ასევე აღნიშნული მიმართულებით თავადაც აქტიურობს.
„რაც მთავარია, კვირიკაშვილის გადადგომა ამ ხალხს ვერ გაამდიდრებს, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და ხალხის ამ ნაწილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვზრუნავთ. ყველაფერს ვაკეთებთ, მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით, რამდენიმე ვარიანტს და ვარიაციებს იხილავს, მეც ძალიან ვაქტიურობ, რომ როგორმე საზოგადოების ეს ნაწილი ამ ზოლიდან გამოვიყვანოთ და უარესი ფორმა უკეთესობისკენ შევცვალოთ. გვინდა ეს წლის ბოლომდე მოვახერხოთ, აი ესა გვაქვს სამიზნედ და ძალიან ვცდილობთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს მოხერხდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუნდი მუშაობს და საზოგადოება ამის შესახებ უფრო დაწვრილებით შეიტყობს.