ბიძინა ივანიშვილი - მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს, ამ თვალსაზრისით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება
მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამ თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
„დღეს საქართველო არანაკლებ რთული გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე გასული სამი ათასწლეულის მანძილზე. მშვიდობის, ღირსების, სუვერენიტეტის, ქრისტიანული ფასეულობებისა და ქვეყნის ნათელი მომავლის დაცვა ახლაც მუდმივ სიფხიზლეს საჭიროებს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ამ თვალსაზრისით საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება. როგორც არაერთგზის ითქვა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, მორალურ დაცემასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის. ამ არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე ეს მხოლოდ მისი მოგება შეიძლება იყოს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, რაც საქართველოს არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ეროვნულ ამოცანებსაც წარმატებით გადაჭრის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.