ბიძინა ივანიშვილი - მოსახლეობის ნაწილი იღებდა კრედიტს, რომელსაც ვეღარ იხდიდა, სახელმწიფომ თავისი როლი დროულად ვერ შეასრულა, ამისთვის წავიდა პრემიერი თანამდებობიდან
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლას საბანკო რეგულაციების დაგვიანებას უკავშირებს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, სწორედ რეგულაციების დაგვიანების გამო, მოსახლეობის ნაწილი კრედიტებს იღებდა და ვეღარ ისტუმრებდა. ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს „იუნისეფი“-ს კვლევაზე კითხვის პასუხად გააკეთა.
„საზოგადოების გარკვეულ შრეში, რომელიც საშუალოზე დაბალ ფენას წარმოადგენს, არა შედარებით მდიდარ ნაწილში, მოხდა ის, რომ რეგულაციების დაგვიანების მიზეზით, ისინი იღებდნენ კრედიტს, რომელსც ვეღარ ემსახურებოდნენ. სახელმწიფომ აქ თავისი როლი დროულად ვერ შეასრულა, ამისთვის დაისაჯა პრემიერ-მინისტრი და წავიდა თანამდებობიდან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, სამი ფაქტორით იყო გამოწვეული მოსახლეობის ნაწილის გაღარიბება.
„ერთ-ერთი და მთავარი მუხლი გახლდათ სწორედ ის, რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო იყო დევალვაცია და არა ინფლაცია, ვისაც სესხი ჰქონდა აღებული და ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. აქციზების ზრდაც იყო მიზეზი, რაც გამოიწვია მოგების გადასახადის გაუქმებამ. ეს კარგად განვმარტე პირველ არხთან. იუნისეფი-ს კვლევებზე გავაკეთეთ განმარტება, მთელი ინტერვიუ მივუძღვენი. თუ ვინმეს დარჩა უკმარისობის განცდა, ნახონ პირველ არხთან ინტერვიუ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა რეაქცია დააგვიანეს.
„ის, რომ კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა რეაქცია დააგვიანეს, არ არის დიდი დანაშაული. მას პასუხი ჰქონდა, რომ რეგლამენტაცია საჭირო არ იყო და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. თუმცა განსხვავებული პოზიცია გუნდთან ერთად დავუსაბუთე. ამის გულისთვის მას თანამდებობის დატოვება მოუწია. არც თუ ისე დიდი დანაშაული ჩაუდენია, თან თუ გააანალიზებთ ამას ეკონომისტებში, მართლაც შესაძლოა, განსხავავებული აზრი ნახოთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის იმპლემენტაცია დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა მოახერხეს.