ბიძინა ივანიშვილი - მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი იდენტობის დასაცავად
მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეობას.
ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გვერდზე უნდა გადადოს ვიწროპოლიტიკური საკითხები, ვინაიდან 26 ოქტომბერს არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება.
„კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გადადეთ ყველაფერი და გამოდით არჩევნებზე, გვერდზე გადადეთ ყველანაირი ვიწროპოლიტიკური საკითხი, რადგან ამ არჩევნებზე არა პოლიტიკის, არამედ ქვეყნის გადარჩენის საკითხი წყდება. ყველაფერი ჩვენს ხელშია, საქართველოს ბედი ჩვენს ხელშია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და მომავალ თაობას სამართავად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ძლიერი საქართველო დავუტოვოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.