ბიძინა ივანიშვილი - მივმართავ საზოგადოებას, მოვიდნენ არჩევნებზე, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც  ქართველ ხალხს მოგემსახურებათ, ან აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს
ბიძინა ივანიშვილი - მივმართავ საზოგადოებას, მოვიდნენ არჩევნებზე, ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც ქართველ ხალხს მოგემსახურებათ, ან აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მარტივია არჩევანი უცხო ქვეყნის აგენტურასა და იმ მთავრობას შორის, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება.

„მინდა, მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები  აქვს, რომელიც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისგან, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსებისა ზრუნავს და ცდილობს, ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ აგენტურას, უცხო ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენს სამეზობლოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.