ბიძინა ივანიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც გაუგონარი ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში, ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე
ბიძინა ივანიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც გაუგონარი ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში, ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ წერილში მადლობას უხდის ქართველ ხალხს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის პოლიტიკურ გუნდს, თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, ყველა პარტნიორსა და მეგობარს, ასევე მის ოჯახს.

„დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა, ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს.

მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს – ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. და ბოლოს, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის წერილში.