ბიძინა ივანიშვილი - მინდა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო
კიდევ ერთხელ მინდა, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევნების მეორე ტურზე ოაჯხის წევრებთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, პანდემიის პირობებში ქართულმა საზოგადოებამ მობილიზაცია გამოიჩინა.
„მოგეხსენებათ, „კოვიდი“ ბობოქრობს. მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო. ამავდროულად, შეგახსენებთ, ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოში. მივიღეთ შედეგად ცხრა პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ამავდროულად იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს. ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.