ბიძინა ივანიშვილი - მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს
სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პასუხად კითხვაზე, როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, იქნება ორი მთავარი მოთხოვნა.
„რაც შეეხება შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ სამ წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს. მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ტენდერი იქნება თუ აუქციონი, ამას სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც კანონი ითვალისწინებს, და თავადაც და ყველა დაინტერესებული პირი ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.
„წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული. ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.
რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – სამ წელიწადში“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ერთგვარი გარანტორია იმისა, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება.
„მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესშიც დაეხმარება იმ ბიზნესსაც, რომელიც უკვე ფლობს წყალტუბოში სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას.
„მთავარია, ხარისხი დავიჭიროთ მაღალი, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შეიძლება, „თანაინვესტირების ფონდის“ საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება. თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ. რაც მთავარია, მე ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში მივეხმარები სახელმწიფოს, რასაც თავად ვერ გაწვდება, ჩემი ხარჯებით დავაფინანსებ. იქ მთელი ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, წყლის რესურსის სწორი გამოყენებით, ერთიანი სპა სისტემის შექმნით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ერთი და ორი სასტუმროს გაკეთებას აზრი არ აქვს და ყველაფერი კომპლექსურად, ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა მოხდეს.
„როცა ბიზნესი დაინახავს, რომ ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა და სამ წელიწადში შეიძლება, სერიოზული შემოსავლები მიიღოს, საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბიზნესმენი და დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან უზარმაზარი ინტერესი იქნება. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა აბასთუმანში.
რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა, გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მთავარია, პროცესზე დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი, ერთიანი კონცეფციის ფარგლებში გაწერილი საინვესტიციო ვალდებულებები, შენობების არქიტექტურული და კულტურული ღირებულების შენარჩუნების პირობები და ობიექტების დასრულების ვადები მკაცრად დაცული უნდა იყოს.