ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილი კანონიერი გზით ვეღარ მოვა, არ მიიღებს არც ევროპა, არც ამერიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი პრემიერობის დროს ძირითადად დაკავებული იყო საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებით, რომ „ქართული ოცნება“ არ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც საქართველოს დასანგრევად და ვიღაცისთვის გადასაცემად მოვიდა, რასაც ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ნაციონალები“ უკიჟინებდნენ.
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ერთი წელიც არ იქნება საჭირო, რომ ხელისუფლების ყველა შტოსა და პარტიას ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამის მტკიცების საფუძველს აძლევს ის, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ივანიშვილის გუნდის მიმართ ყოველგვარი ეჭვი განულებულია.
„ნაციონალებს“ ძალიან კარგი კავშირები და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა აშშ-სთან თუ ევროპასთან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა სიღრმეებში იყვნენ ჩართული და როგორი მძიმე იყო მაშინ ჩემი ყოფა, თუ გნებავთ პრემიერის რანგში. ამას მიჰქონდა ძირითადად დრო. ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, რომ ძალიან მკვეთრი და ხარისხიანი ვერტიკალი ექნება ხელისუფლების ყველა შტოს და მათ შორის პარტიას. ამის საშუალებას მაძლევს ის, რომ ევროპიდან, აშშ-დან და ასევე სტრატეგიული პარტნიორისგან ყოველგვარი ეჭვი ჩემი გუნდისა და პირადად ჩემ მიმართ აბსოლუტურად განულებულია.
დღეს აშშ-სთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. ერთი ეჭვი არ არის „ქართულ ოცნებასთან“. არავინ არ სვამს კითხვებს, არიან თუ არა ესენი პროდასავლურები. შეკითხვა არ აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ამის კარგი მაგალითი იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წასვლა თანამდებობიდან, რომელსაც ასევე პროდასავლურად მოიხსენიებენ. მაშინ არავის დაუსვამს კითხვა, რატომ წავიდა კვირიკაშვილი და ვინ იქნება მისი შემცვლელი.გულახდილად გეუბნებით, ადრე ასე არ ხდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს მიხეილ სააკაშვილი კრიმინალად არასდროს მოუხსენიებია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პარტნიორების მხრიდან არავითარი კითხვები არ ისმის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ყველამ აღიარა, რომ სააკაშვილი სწორად არის დასჯილი.
„ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს, მათ შორის, არც მე, სააკაშვილი კრიმინალად არასდროს მოუხსენიებია, მაგრამ ქართულმა სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა და შეგვიძლია, ეს ტერმინი გამოვიყენოთ.
ნახეთ, თვითონ რა ტერმინებს იყენებენ და როგორ იქცევიან. აღარ არის დღეს პრობლემა, პარტნიორები ვარწმუნოთ, ვინ ვართ ჩვენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს, როგორმე ხელისუფლება დაანგრიოს, რადგან ეგენი ხელისუფლებაში კანონიერი გზით ვეღარ მოვლენ. სააკაშვილს ქართულმა სასამართლომ უკვე მიუსაჯა, ეგ კანონიერი გზით ვეღარ მოვა, არ მიიღებს არც ევროპა, არც ამერიკა. რევოლუციაა ერთადერთი გზა რომ დაანგრიონ ქვეყანა და აქეთ ილტვიან კიდეც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.