ბიძინა ივანიშვილი - მიხარია, რომ ყველა სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არ გააჩნიათ
მიხარია, რომ ყველა სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა.
ივანიშვილის განცხადებით, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება.
„პირობას გაძლევთ, ჩვენი პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო, საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო, უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური წინსვლა იყოს უფრო თვალსაჩინო და ყველასთვის ხელშესახები, შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს არის აქ წარმოდგენილი.
მარტივია, როდესაც მარტო შეფასება და კრიტიკაა შენი საქმე, არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ხშირად ტყუილსაც კადრულობ იმ იმედით, რომ ამაზე პასუხს არავინ მოგთხოვს. ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს „ქართული ოცნება“. ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელების ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე ვიწროპარტიული ინტერესების გამო“, – განაცხადა ივანიშვილმა.
პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კვლავაც გააგრძელებს გზების, ხიდების, გვირაბების, უნივერსიტეტების, სკოლების და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას, ადამიანზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
„მე არა ერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – ჩვენ არ გვჩვევია გაკეთებულით თავმოწონება და ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი ვალდებულებაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. მე მიხარია, რომ ყველა ამ სიკეთით, რომელიც ხალხისთვის კეთდება, სარგებლობენ მათ შორის ჩვენი კრიტიკოსები და სკეპტიკოსებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიკეთეების აღიარების უნარი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.