ბიძინა ივანიშვილი - კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს
კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.
„დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:
ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილში.