ბიძინა ივანიშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, გრძელვადიანი განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც, რეალურად, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად იქცა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრა.
„ქართველი ხალხის მიერ ძალაუფლება ჩამორთმეული „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა. მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, დღეს უკვე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, რეალურად, უსამშობლოებისა და კრიმინალების უკანასკნელი თავშესაფარია, იქცა საქართველოს გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. დაჯგუფებად, რომელიც, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებისა და უცხოელი პატრონების დავალებების გათვალისწინებით, მზადაა, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. დაჯგუფებად, რომლის გამოც ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება ვერ ხერხდება და უკვე წლებია, ჩვენს მოქალაქეებს არა კარგსა და უკეთესს, არამედ კარგსა და ცუდს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება. მათ კრიმინალურ და ანტისახელმწიფოებრივ ბუნებასა და დანაშაულებზე კიდევ დიდხანს, დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა მათ რაობაში ბრძენი ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია დარწმუნდა. სწორედ ამას მოწმობს ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ერთადერთი, უალტერნატივო არჩევანია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.