ბიძინა ივანიშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პაატა ბურჭულაძეს, რომ არ იცრუოს
ბიძინა ივანიშვილი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პაატა ბურჭულაძეს, რომ არ იცრუოს

მახსოვს 2016 წლის არჩევნების დროს, როდესაც პაატა ბურჭულაძე დამოუკიდებლად შემოვიდა პოლიტიკაში, მე მას ვუთხარი – არ იცრუო, ნუ ცრუობთქო, იმავეს შევახსენებდი ახლაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

კითხვაზე, შესთავაზა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძეს ფული პოლიტიკაში შემოსვლის სანაცვლოდ, როგორც ამას ბურჭულაძე ამბიობს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ორი ადამიანის საუბრის გარეთ გამოტანა არაეთიკურად მიაჩნია, თუმცა ბურჭულაძის განცხადების საპასუხოდ, უწევს მათი შეხვედრის შესახებ საზოგადოებას მოუყვეს.

დახურული საუბრების გარეთ გამოტანის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილიც ახსენა.

„საერთოდ, მიმაჩნია, რომ ორი კაცის საუბარი ოფისში, რომელიც საჯარო არ არის და გამოაქვთ, უკულტურობის შემცველია. მე ამ თემაზე არ ვისაუბრებდი. სხვათა შორის, იმასაც შევახსენებ მაყურებელს, რომ უსუფაშვილმა მოახერხა ეს ძალიან ჭარბად. მიუხედავად მისი მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა და შეუთანხმებლობისა, რომელსაც მე მას ვპატიებდი, ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის ის, რაც უსუფაშვილმაც მოახერხა 2016 წელს, გამოიტანა, თანაც აყირავებული და დამახინჯებული.

შესაბამისად, მე საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, რამეთუ ესეთი თემები ასე არ გამოდის გარეთ და თანაც ასეთი შეცდომებით. რათა ისეთი განცდა არ დარჩეს, რომ მართლაც სიმართლეს საუბრობდა ბურჭულაძე, იძულებული ვხდები და მეც მიწევს გადასვლა, რასაც არ ვთლი ნორმად და ბოდიშს მოვიხდი. ვიტყვი იმ ვერსიას, როგორც იყო და შევეცდები, საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს დასკვნა, ვინ რას ამბობდა და როგორ. გაშუქდა ჩემი შეხვედრა ბურჭულაძესთან, ჩემივე ინიციატივით, პირველი შეხვედრა, როდესაც მას შევხდი და მართლაც შევთავაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ახალი მოსულები როდესაც ვიყავით პოლიტიკაში. მან მიპასუხა, რომ უნდოდა სცენაზე დარჩენა და ასე შემდეგ, რაც მე მადლიერებით შევაფასე. გამოვედი და საჯაროდაც განცხადება გავაკეთე, რომ მას არ სურს, მე ამას მივესალმები, რომ ის რჩება, ის ღირსეულია და უნდა იყოს სცენაზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძე, საკუთარი ინიციატივით, მეუღლესთან ერთად ესტუმრა.

„დღეს მაბრალებენ, რომ ყველაფერს ვმართავ და არაფორმალურად ვახერხებ. მაშინ მაინც არ მქონდა არავითარი ბერკეტი და მით უმეტეს, არავითარი ცდუნებაც, რომ ასეთი პასუხის შემდგომ, ჩემივე ინიციატივით, მისთვის დამერეკა. მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მითხრა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში, თანახმა იქნებოდა, პოლიტიკაში ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო. მან დაასახელა ცხრა მილიონი დოლარი, რაზეც მე ვუთხარი – რას ნიშნავს ეს? სცენიდან ვერ წამოვალო, დანაკარგების გამო. მე ჯერ მივანიშნე – თქვენ შეგიძლიათ დარჩეთ სცენაზე, გააგრძელოთ და პარალელურად იყოთ ჩვენი მხარდამჭერი. არა, ორივე ერთად არ შემიძლიაო. მე მივანიშნე, რომ ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რაც თქვენ შეგიძლიათ, ჰონორარზე და ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე. ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე უკვე ასაკითაც და მოღვაწეობითაც. შევახსენე მისი ჰონორარიც, რაც მას არ დაუმალავს. დაახლოებით ორასი წელი დაგჭირდება, სცენაზე დარჩე, რომ ამხელა ფული აიღოთქო. დავითვალეთ კიდევ ორივემ ნახევრად ხუმრობით. მილიონს ვერ გავცდით. ნუ კარგი, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ორი მილიონი იყოს და ამით დავასრულეთ საუბარი, რომ ეს არასერიოზული იყო. რატომ ცხრა მილიონი, ისიც ვკითხე ხუმრობით, იქნებ 10 გეთქვათქო, რამეთუ ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მეორე დღეს პაატა ბურჭულაძის მეუღლემ დაურეკა და მისდა გასაოცრად, ესტუმრა კიდეც.

„იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს, ორ მილიონს ხომ გვაძლევ. აი, ორი მილიონი გადაიხადე, ხომ დაგვპირდიო. მე ვუთხარი, არა, არა, მე ასეთი რამ არ მითქვამს, უბრალოდ შეფასებაში ვიყავით-მეთქი და ეს ანგარიშიც დატოვა, ძალიან ცუდ დღეშიც ჩამაგდო. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, არა-მეთქი, მე ასეთი სურვილები არ გამაჩნია. ახლა ძალიან უხერხულია, როდესაც ასე პირველ პირში საუბრობ და მეორე სხვა რამეს ამბობს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ აქვს მაქვს მტკიცებულებები, თუკი ეს საზოგადოებას დააინტერესებს.

„მაგრამ მაინც საზოგადოებას მინდა შევახსენო – ის, რომ მისი მეუღლე მეორედ ჩემთან ამობრუნდა, ბურჭულაძესაც აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში ნათქვამი. ახლა რატომ ამობრუნდა, როგორ ამოვიყვანე ძალით, ვის დაუჯეროს საზოგადოებამ, თვითონ განსაჯოს. საერთოდ, მე ბურჭულაძეს ერთ რამეს შევახსენებდი. კიდევ ერთხელ, მახსოვს 2016 წლის არჩევნების დროს, როდესაც ის დამოუკიდებლად შემოვიდა პოლიტიკაში, მას ვუთხარი – არ იცრუო, ნუ ცრუობთქო, იმავეს შევახსენებდი ახლაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რას უპასუხებდა პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის გამო მითითებით დაინტერესდა მისი საქმიანობით, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა და თავად საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, ვის დაუჯეროს.

​„რატომ უნდა ვიყო მე დაინტერესებული პაატა ბურჭულაძის საქმიანობით, საზოგადოებამ განსაჯოს. რა თქმა უნდა. აბსოლუტუყრად უსაფუძვლოა. ის ამბობს, რომ ყველაფერი კანონიერი იყო. ამ დროს პროკურატურა აცხადებს, რომ რაც ჩვენმა საზოგადოებამ შესწირა „იავნანას“, იმ შემოწირულობის მხოლოდ მესამედი იყო დახარჯული ქველმოქმედებაზე. ორი მესამედი არის გაურკვეველი დანახარჯები. მათ რიცხვში არის 700 000 ლარი მისი მეუღლის ხელფასებზე, მათ მგზავრობასა და მოგზაურობაზე. ნაცვლად იმისა, რომ ან თვითონ ბურჭულაძე ან ვინმე „იავნანადან“ გამოვიდნენ, სანამ გამოძიება დასრულებულა. უდანაშაულობის პრეზუმფციას მე ვიყენებ და არ მიმაჩნია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ასე არ ვსაუბრობ, მაგრამ კითხვები, რაც უკვე პროკურატურას აქვს – 700 000 ლარი დახარჯეს მან და მისმა მეუღლემ საკუთარ მოგზაურობასა და ხელფასებზე. როდესაც ამ კითხვას უსვამენ ჟურნალისტები, ის ეუბნება – არა, არა, ყველაფერი მართალია, ჩვენ ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ. ბურჭულაძეს მეც დავუსვამ აქედან კითხვას – ამას თვლის კანონიერად, რომ 700 000 დახარჯეს საკუთარ თავზე? იმას თვლის კანონიერად, რომ მხოლოდ ერთი მესამედი მოახმარა მოსახლეობიდან შემოწირული თითო ლარიდან, რომ უსახლკარო ბავშვებისთვის ბინები ეყიდა? ამას თვლის? გამობრძანდეს, სანამ პროკურატურას დაუსრულებია გამოძიება. საზოგადოების ინტერესი დიდია, გამობრძანდეს და ელემენტარული განმარტებები მისცეს ჟურნალისტებს მან, ან იავნანას ნებისმიერმა სხვა წევრმა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.