ბიძინა ივანიშვილი - ხვალ მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მომავლისა და, რაც უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს
დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას.
„როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის. ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და ამაყი ვარ, რომ დღეს, ქართველ ხალხს კლავ მყარად უპყრია ხელთ ეს უზენაესი უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული ტრადიციის დამკვიდრება და მისი შეუქცევადობა, პირადად ჩემთვის, ყველაზე ღირებულია იმ მიღწევათა შორის, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება. ხვალ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი დღეა. ხვალ, ყველა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი საკუთარი რწმენის, ღირებულებების, სინდისისა და ინტერესების გათვალისწინებით და მე „ქართული ოცნების“ სახელით გაძლევთ გარანტიას, რომ ეს არჩევანი იქნება თავისუფალი და ხალხის ნება სრული სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში – ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მცირედით მაინც გამრუდდეს ხალხის არჩევანი. დღეს კი, ემოციურად დატვირთული საარჩევნო კამპანიის მიწურულს, კვლავ მახსენდება 2012 წლის ის ბობოქარი დღეები, როდესაც ერთ მუშტად შეკრულებმა, ერთად გავაკეთეთ ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ, უარი ვუთხარით ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებულ რეჟიმს და მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მატარებელი ხალხი აღარასოდეს შეეგუება ძალადობას და უსამართლობას.
ამიტომ მოგმართავთ თქვენ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ოცნების ვეტერანებს და ახლად შემოერთებულ ჯარისკაცებს – ხვალ არც ერთი ჩვენთაგანი არ უნდა დარჩეს სახლში და ყოველ მიზეზგარეშე უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს ჩვენი ვალია ქვეყნის, მისი მომავლის, ერთმანეთის და რაც არ უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, იმათ წინაშეც, ვინც ხვალ სხვა პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ფაქტია, რომ ყველას დარწმუნება ვერ შევძელით, რაც დემოკრატიის პირობებში სავსებით ნორმალურია. ფაქტია, რომ ყველა წარმატება, რისი მიღწევაც „ოცნებამ“ ამ რთულ პერიოდში მოახერხა და შეძლო, არ აღმოჩნდა საკმარისი უმცირესობაში მყოფი, ჩვენდამი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასარწმუნებლად და ხვალ ისინი განსხვავებულ არჩევანსაც გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ მეტნი ვართ, გაცილებით მეტნი და სწორედ ეს არის უმრავლესობის პასუხისმგებლობა უმცირესობის წინაშე, რომ შევძლოთ და დავაზღვიოთ მათი შეცდომაც, რათა მათვე არ დაუჯდეთ ძვირი საკუთარი მცდარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.