ბიძინა ივანიშვილი - ხორავას ქუჩისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელების გავლება აბსოლუტური უზნეობაა
ხორავას ქუჩისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელების გავლება აბსოლუტური უზნეობაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მთელი ქვეყნის ტრაგედიაა და არ იკვეთება, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში.
„შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ დიდი უბედურება. მაგრამ ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანის საქმეს შორის გავავლოთ პარალელი, ვფიქრობ, რომ უზნეობა და ცინიზმია. გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მათ მკვლელებს. ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, მხოლოდ პირველი ინსტანცია დასრულდა, მეორე ინსტანცია დღეს მიდის და შემდეგ კიდევ მესამე ახლავს.
ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და ახერხებენ ზოგიერთები, პარალელები გაავლონ გირგვლიანის საქმესთან, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა. არ იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოსა და ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში და კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. სახელმწიფოსა და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესია ერთადერთი, რომ ეს გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწორად წარმართული და დროულად დასრულებული. დროში ჯერ ეს დაგვიანებული არ არის, სასამართლო მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მაშინდელმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მაღალი სტანდარტები დააკმაყოფილა და როდესაც მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, ეს გახდა მიტინგისა და ვნებათაღელვის საწყისი და მიზეზი.
„მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ეს გახდა ყველაფრის მიზეზი. ამ დროს, ნახეთ რა კარგი პროცესი მიდის იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა ვაჩვენო საზოგადოებას. ამ დროს მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ვმართავთ სასამართლოს, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს, სწორედ რომ პირიქით მოხდა. სასამართლოსა და პროკურატურის ჭიდილში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულება და პროკურორი ამას შეეწირა და გადადგა. რამდენად სწორად გადადგა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. მეორე ინსტანციის სასამართლო არ დასრულებულა. სწორედ ის, რომ არ გაიზიარა სასამართლომ, გავიხსენებ კიდევ ერთ პარალელს, სხვა რამეზეც მინდა მიგანიშნოთ. 2010 წელს მხოლოდ რვა შემთხვევა იყო იმისა, რომ პროკურატურის მიერ შეტანილი სასამართლოში, სასამართლომ თქვა უარი. დღეს რვაჯერ და ათჯერ გაიზარდა დისბალანსი, რომ ჭიდილი უნდა იყოს. ნორმალურ სახელმწიფოებში ასეა, რომ სასამართლო არ უნდა იყოს მიბმული პროკურატურაზე და სასამართლო არ უნდა ასრულებდეს ნოტარიუსის როლს, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.
რაც ჩამოგითვალეთ, ამის გამო, პარალელების გავლენა აბსოლუტურად უზნეობაა – მაშინ სახელმწიფომ მოკლა გირგვლიანი და სახელმწიფომ დააფარა ხელი დამნაშავეებს. აქ სახელმწიფო ინტერესი არსად იკვეთება, რომ რამე პოზიცია ჰქონდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.