ბიძინა ივანიშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საზოგადოების მძაფრ ემოციურ განცდას პროკურატურამ და მთელმა მთავრობამ აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საზოგადოების მძაფრ ემოციურ განცდას პროკურატურამ და მთელმა მთავრობამ აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ივანიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ძალიან მძაფრი და სენსიტიური რეაქცია ჰქონდა.
„ის, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა, რა თქმა უნდა, ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო – ძალიან მძაფრი და სენსიტიური, რომელსაც პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა. მხედველობაში მაქვს შოთაძის გადადგომა. ჯერ არავის დაუმტკიცებია და არ ჩანს მტკიცებულებები, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, ან ვერ შეასრულა, არ გააკეთა, ან პიროვნულად ჰქონდა მას რაღაც დამოკიდებულება, რასაც მე პიროვნულს გამოვრიცხავ შოთაძის მხრიდან. საზოგადოების ძალიან მძაფრ ემოციურ განცდას აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხეს პროკურატურამ და მთელმა მთავრობამაც. თუ გახსოვთ, მიტინგები ამ ფონზე როგორ ვითარდებოდა, როგორ იქცეოდა ხელისუფლება, ეს არის ის, რისთვისაც ვწვალობდით და რისთვისაც ვწვალობთ დღესაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობას არ შეუშინდა.
„საგამოძიებო კომისია გაიხსენეთ, როდის შეიქმნა საქართველოში. საგამოძიებო კომისიას ოპოზიცია ხელმძღვანელობს და გუნდს არ შეეშინდა. თუ პროკურატურას შეეშალა და გადასცდა, არავინ იცავს და ხელს არ აფარებს მას, მსგავსი მცდელობა არ ჰქონია. პარლამენტში ოპოზიციას გაჰყვნენ და დღეს გასაგებია, რომ ზოგიერთი პიროვნება საზოგადოებას იქიდან აღიზიანებს, რომ ამ პროცესებში მონაწილეობს. მე მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი პიროვნება. თვითონ პროცესი, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია და შეიქმნა მეორედ თუ პირველად – აღარც გავიხსენებ. თუ გახსოვთ, ომის შემდგომ, სირცხვილი იყო, ვინ რას ამბობდა და როგორ ამბობდა, ეს იყო ფორმალური და არარეალური, რეალური საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა, როგორც კი დადგა ამის მოთხოვნილება.
თუ გახსოვთ და ალბათ, იტყვიან დღეს ოპონენტები, რომ ამას ჩვენ მუდამ ვითხოვდით, არასდროს არ ითხოვდნენ ისეთ საკითხებზეც, სადაც არ უნდა შექმნილიყო. მაგრამ როდესაც მწვავე საკითხი იყო და საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი, გუნდი არ დაფიქრებულა, პარლამენტი არ დაფიქრებულა, მოახერხეს და ოპოზიციას გადასცეს და ეს პროცესიც არის გაგრძელება თუ გნებავთ, კაბელებისა და ტრაქტორების თემის და გაგრძელება იმ ხელწერის. სხვა ხელწერის უფლება გუნდს არ აქვს. ამ ხელწერას, ამ თამასას გუნდი ღირსეულად ინარჩუნებს, რომ ასეა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საზოგადოების მხრიდან შეკითხვები არსებობს, რასაც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს.
„არის შეკითხვები საზოგადოების მხრიდან. ჩინოვნიკი თუ პროკურორი, ყველას უნდა უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეეშინდეს დანახვების, ეს არის დღევანდელი გუნდის პოზიცია. სხვა რესურსი გუნდს არც გააჩნია და ვერც მოვიხმართ ისევ იმ მიზეზით, რომ ეკონომიკა არის ძალიან მწირი, ღარიბი და ამ ფონზე დემოკრატიული ღირებულებების წინმსწრები ასეთი დანერგვა არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში და ამას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება.
გუნდს, ხელისუფლებას რესურსი არ გააჩნია, გარდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებების მაქსიმალური შეგრძნებისა საზოგადოების წინაშე. ეს პროცესები ჩვენს თვალწინ განვითარდა. მივადევნოთ თვალი და ვნახოთ, იქ პროკურატურა რამდენად ეფექტურად მოქმედებდა. იცით, რომ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა, რამდენადაც ეს თემა მოზარდებთან იყო დაკავშირებული და 40 დღეში გამოძიება უნდა დასრულებულიყო. ამან შეიძლება ხარისხზე მოახდინა ობიექტური გავლენა. იყო თუ არა სუბიექტური გადაცემები პროკურატურის – ამ თემებს საზოგადოება თვალყურს ადევნებს. რაც მოხდა დღემდე, ვთვლი, რომ ეს არის გაგრძელება იმის, რაც ჩვენმა გუნდმა მოიტანა პოლიტიკაში, რომ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იყოს ხელისუფლება საზოგადოების წინაშე და ამას განუხრელად უნდა ასრულებდეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.