ბიძინა ივანიშვილი - ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში ვბრუნდები
ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები, – აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს, ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნა.
„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში, თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო, საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა. მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს. ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება, დიახ, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველო ისტორიული გარდატეხის მომენტში იმყოფება და ახლა უიმედობის დრო არ არის.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისტორიული გარდატეხის მომენტში და სწორედ ახლა არ გვაქვს უიმედობისა და გულგატეხილობის უფლება. ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვების უფლება გვაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე.
მან დღეს პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო, რომლებიც მისი შეფასებით, არსებულ გამოწვევებს განსაზღვრავენ და ამისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიან.
„პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.