ბიძინა ივანიშვილი - კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა
კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თელავში, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება, უცხოელ პატრონებთან ერთად ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდა, რომლისთვისაც უცხო იქნებოდა ეროვნული ფასეულობები.
„მამული, ენა, სარწმუნოება, – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ – წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას, მათ კეთილდღეობას მიუძღვნა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.
ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის – ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ – ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.
„კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება თუ გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს. შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა. აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.