ბიძინა ივანიშვილი - იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით მძიმე კრიზისი დადგებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მარტივად შეძლო
ბიძინა ივანიშვილი - იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით მძიმე კრიზისი დადგებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მარტივად შეძლო

იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით მძიმე კრიზისი დადგებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა სირთულეების დაძლევა მარტივად შეძლო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ავრცელებს.

„ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია – ზოგი ჭირი მარგებელია. იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.