ბიძინა ივანიშვილი - ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, ჩემი მიზანი უცვლელია: საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა
ბიძინა ივანიშვილი - ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, ჩემი მიზანი უცვლელია: საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი 2011 წლის ოქტომბრის მსგავსად, ამჟამადაც საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალია.

„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია – დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავიდა აქტიური პოლიტიკიდან, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო. 

„ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა, ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ახლა საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის კითხვაზე – რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში დაბრუნება.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, არც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიუღია.

„ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.