ბიძინა ივანიშვილი - იმის პრეტენზია და ამბიცია მაქვს, ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ მზრუნველი ხელისუფლება ჰყავს, ჩემთვის პარტიას სხვა ფასეულობა არ აქვს
ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
მისი თქმით, დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს.
„ამ ფონზე, ხალხის ფულით დაქირავებულის, ხელისუფალის მაქსიმალური მობილიზაცია უნდა იყოს. ერთი გადახვევის უფლება არ გვაქვს. დაქირავებული ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს, რომ ხალხს ყოფა შეუმსუბუქოს. ეს პროცესი იქნება მუდმივი, ამაში ვარწმუნებ საზოგადოებას. მე ავიღე პასუხისმგებლობა და ვთქვი – ერთი წელიწადი.
ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში. იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მხოლოდ მათზე მზრუნველი. ჩემთვის პარტიას არავითარი სხვა ფასეულობა არ აქვს, არც „ქართულ ოცნებას“, რომლის შექმნაში დიდი წვლილი მაქვს და არც სხვა ნებისმიერს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები შევასრულოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.