ბიძინა ივანიშვილი - იმის გამო, რომ არ მიდის კონსტრუქციული, არგუმენტირებული კრიტიკა, ამან მმართველი გუნდი გაანებივრა და საშუალება მისცა, დაეშვა შეცდომები
იმის გამო, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, ამან მმართველი გუნდი გაანებივრა და საშუალება მისცა, დაეშვა შეცდომები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, დღეს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება კვლავ უწევს თეთრსა და შავს შორის და ეს არ არის სასურველი.
„ჩვენ აქაც ღარიბები ვართ, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასევე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი. დღეს ჩვენი ძირითადი კონკურენტი ოპოზიციად და პარტიად არ იწოდება. პრობლემაა, რომ ჩვენს საზოგადოებას არჩევანის გაკეთება უწევს თეთრსა და შავს შორის. ისევ ასეთი არჩევანის გაკეთება უწევს და ეს არ არის სასურველი, არ არის კარგი. თითქოს დღეს „ქართული ოცნება“ ამის ხარჯზე პარაზიტობს, რომ ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება. ეს ძალიან ცუდია, რომ კიდევ ამ ფონზე გვიწევს არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საზოგადოებას არჩევანი უნდა ჰქონდეს კარგსა და უკეთესს შორის.
„ამაში ხელოვნურად ვერ ჩავერევი, მე ერთი გუნდის წევრი ვარ. ეს უნდა მოახერხოს საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდა კონსტრუქციული ოპონირება, მივიღეთ ეს შედეგი. ერთ-ერთი მიზეზი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ეჭვი გააჩინა საზოგადოებასთან, რომ ეს მისი გუნდია თუ არა, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არაკონსტრუქციული, არასწორი კრიტიკა გახლავთ. ამან კიდევ უფრო გაანებივრა გუნდი, როცა ნახეს, რომ თეთრზე შავს იძახის დღევანდელი ძირითადი ოპონენტი და რა ძალაც არის, კარგად მოგეხსენებათ. იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული, არგუმენტირებული კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ანებივრებს და საშუალებას აძლევს მმართველ ძალას და გუნდს, რომ დავუშვათ შეცდომები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.