ბიძინა ივანიშვილი - იმედი მაქვს, ეს დესტრუქციული ძალა ბოლო ენერგიას იკრებს და ბოლო ენერგიით დაასრულებს ასეთი ტიპის მოღვაწეობას
იმედი მაქვს, ეს დესტრუქციული ძალა ბოლო ენერგიას იკრებს და მგონი, ბოლო ენერგიით დაასრულებს ასეთი ტიპის მოღვაწეობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს შეუძლია თქვას, რომ არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. ამასთან, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება, რაც სჭირდება როგორც ქვეყნის განვითარებას, ასევე – „ქართულ ოცნებას“.
„იმედია, კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება ამ ქვეყანაში. იმედია, ამ გამარჯვებით საბოლოოდ უარს ვიტყვით დესტრუქციულ ძალაზე და მგონია, მათაც აღარ დარჩათ რესურსი, მე ასე მგონია და აბა ვნახოთ. მე კიდევ ვიცი, საზოგადოებასთან როგორ დავალაგო, ისიც ვიცი, სიცრუე როგორ დავარქვა. რაც მე ვთქვი ჩემს წინა ინტერვიუში, ზოგიერთებმა მუქარად მიიღეს. ღმერთმა დამიფაროს, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ ჟურნალისტებმა, რაც უნდა, ის ქნას „რუსთავი 2“-მა, მაგრამ საზოგადოებას ვაჩვენებთ, სად არის სიმართლე და სად არის სისწორე. დიდი იმედი მაქვს, რაც სჭირდება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას, რაც სჭირდება ჩვენს ეკონომიკასაც, რომ გაჩნდეს კონსტრუქციული, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, გარწმუნებთ, ეს ძალიან სჭირდება „ქართულ ოცნებას“.
ხმები მოდის, ივანიშვილი სპეციალურად აკეთებს, რომ „ნაცები“ დაიყენოს წინ, რომ ასე იოლია გამარჯვება, ღმერთმა დამიფაროს მასეთი მცდელობისგან. არჩევანი უნდა იყოს კარგსა და უკეთესს შორის, ეს არ არის მარტივი თემა. იმედი მაქვს, ეს დესტრუქციული ძალა ბოლო ენერგიას იკრებს და მე მგონი, ბოლო ენერგიით დაასრულებს ასეთი ტიპის მოღვაწეობას. თუ გარდაიქმნებიან და კონსტრუქციულები გახდებიან, ღმერთმა მოახმაროს, რისი იმედიც ცოტა მაქვს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილი.