ბიძინა ივანიშვილი - იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, მისი რეგლამენტირება არ შეიძლება
იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, მისი რეგლამენტირება არ შეიძლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„სოციალური ქსელები გაცილებით რთულია, ვიდრე ტელევიზიები. რა ხდება სოციალურ ქსელებში, რამდენი შეურაცხყოფა, დაუმსახურებელი გინება და მუქარაა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვა, რომ ჩემი აზრით, აქ რეგლამენტაციების მიღება დაუშვებელია, ამის მცდელობაც არ უნდა გვქონდეს. სჯობს, მოიტყუოს ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე დავიწყოთ მისი რეგლამენტირება. იქ ხაზებს ვერაფრით ვერ გაავლებ ზუსტად, სად როგორ უნდა მოვექცეთ და ვის როგორ უნდა დავუხუროთ და არ ვათქმევინოთ. აქ ხაზების გავლება, ჩემი აზრით, შეუძლებელია.
ჩვენთან ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორიც ცივილიზებულ სამყაროში. იცრუოს, რაც უნდა, ის ქნას, კანონს თუ არღვევს, პასუხი უნდა მოსთხოვო, მაგრამ არანაირი რეგლამენტაცია არ უნდა იყოს მედიასთან დაკავშირებით. რაც უნდა, ის გააკეთოს „რუსთავი 2“-მა, ჩამოიმხოს თავზე ყველაფერი, ოღონდ კანონი არ უნდა დაარღვიოს, გადასახადი გადაიხადოს, რასაც სხვათა შორის არ იხდის. ეგეც დიდი ხანია, აშანტაჟებს ხელისუფლებას და გადასახადს პრინციპულად არ იხდის ერთადერთი მიზეზით, რომ მართლაც არ აქვს ამის რესურსი დღეს ხელისუფლებას. ეს რომ ვქნათ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება.
რა მოხდა „იბერიისა“ და სიგარეტების შემთხვევაში, მონაგონი იქნება. მაგრამ დადგება დრო და მათაც მოუწევთ გადახდა, ყველა მედიას მოუწევს გადახდა. ყველამ უნდა დაიცვას კანონმდებლობა. გუნდიც ამ განწყობით არის, გარწმუნებთ, არავის არ გაუჩნდება ხიბლი, რაიმე შეზღუდვა და რეგლამენტაციები დაუწესოს მედიას, ღმერთმა დაგვიფაროს, არც ერთ შემთხვევაში“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.