ბიძინა ივანიშვილი - იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს
ლიბერალურ იდეოლოგიას ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ. ამ ოდეოლოგიის საფუძველია, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს, ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულის მაგალითად დაასახელა იმ ადამიანების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიის შუქურად მოხსენიება, ვინც ახლა „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ადანაშაულებს ავტორიტარიზმსა და დემოკრატიის უკან დახევაში.
„შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას. აი, ეს განცხადებები, რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას – ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა – დაახლოებით ამ ტერმინებით ცდილობენ საზოგადოების გაჯერებას. მათ ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი. ის ფსევდომედია, რაც იყო, პრინციპში, თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა – პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.